საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენცია გაიხსნა

01 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოსა და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 კონფერენცია, რომელშიც 300-მდე დელეგატი მონაწილეობს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

 ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში  მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემა იქნება „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“. მეორე სესიის განმავლობაში განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები. მესამე სესიაზე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ, მომდევნო მეოთხე პანელი კი ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკას“ შეეხება. მეხუთე პანელი დაეთმობა „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი