17 ოქტომბერი

   დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორს  ანდრეი კრისოვატს და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს სერგეი ბანახს უმასპინძლა.

  შეხვედრაზე დავით გაბაიძემ  ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

  „საქართველოს და უკრაინას ერთნაირი ისტორია და პრობლემებიც ერთნაირი გვაქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის ასეთი კეთილგანწყობილი ურთიერთობები. ტერნოპოლთან ჩვენ ვთანამშრომლობთ წარმომადგენლობითი ორგანოების დონეზე. გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის თანამშრომლობას - ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით. საქმიანი ურთიერთობები გვაქვს ასევე პოლონეთთან. გუშინ დავბრუნდი ვროცლავიდან, სადაც რეგიონის სახალხო ზეიმზე საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული. მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები პოლონელ კოლეგებთან. როგორც საქართველო, პოლონეთიც მეგობრობს უკრაინასთან. ჩვენ ყველას მსგავსი ისტორია გვაერთიანებს, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოცდილება - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

  ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, ტრადიციულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორმა და აღნიშნა, რომ ტერნოპოლსა და აჭარას  შორის  გამოცდილების გაზიარების მაგალითები უნივერსიტეტების დონეზე უკვე არსებობს.

  „ გუშინ გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტერნოპოლის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის, რომელიც გაცვლითი სასაწავლო პროგრამების, სამეცნიერო კონფერენციების და ტრენინგ-სემინარების განხორციელებას ითვალისწინებს“ - განაცხადა ანდრეი კრისოვატმა.

  შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძეც ესწრებოდა.

  დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას დაჰპირდა.