12 ოქტომბერი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ესტონეთის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

     დავით გაბაიძემ სტუმრებს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ჩვენი რეგიონის მმართველობის სპეციფიკაზე, დეცენტრალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა პარტნიორი, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და ნოვაციური მმართველობითი ფორმების დანერგვის მნიშვნელობაზე.

     შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრები, ძირითადად საბიუჯეტო პროცესებით, ამ მხრივ ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთობებით, მოსახლეობის მიგრაციის პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესდნენ.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     ასოციაციის წევრებმა დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადეს გულითადი მასპინძლობისათვის და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს.