08 ოქტომბერი

   დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სასტუმრო შერატონში გაიმართა.

   „თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინვესტორები. ყველაზე კარგი და ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც შეიძლება ქვეყანაში განხორციელდეს, ეს არის ინვესტიცია განათლებაში და მგონია, რომ ყველაზე კარგი, სწორი ინვესტორები ჩვენი ქვეყნისთვის ხართ სწორედ თქვენ“ - ასე მიმართა პედაგოგებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ასევე უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა 90-იან წლებში მოღვაწე პედაგოგების როლი, რომლებმაც ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად შეძლეს  განათლების სისტემის გამართული ფუნქციონირება და განვითარება.

    მასწავლებელთა საერთაშორისო დღე პედაგოგებს ლადო მგალობლიშვილმა მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დღეს 32 ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა.  სამინისტრომ დამსახურებულ პედაგოგებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო და სხვა საჩუქრები გადასცა.  

 

განცხადებები