05 ოქტომბერი

     ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქობულეთში, მემედ აბაშიძის N14-ში, ახალი „სასწრაფო-სამედიცინო დახმარების  ცენტრის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

     ცენტრის მშენებლობა შპს „ნიკა-მ“ 2017 წელს დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142 777 ლარი დაიხარჯა. ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე, რომელსაც შპს „ჯორჯიან სთოუნი“ ახორციელებს, 191 515 ლარია გათვალისწინებული.

      საერთაშორისო სტანდარტების ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით, ცალკეა გამოყოფილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში მუშაობდა, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ ჰქონდათ.

     ცენტრის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ მომართვის საფუძველზე გამოიყო. ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება.