01 დეკემბერი

1 დეკემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს ბიუროს პირველი სხდომა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ საკითხი ბიურის წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამასთან, მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციას თან ერთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებაც. ცნობილია ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში არა მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, არამედ მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხიც განიხილება. მომხსენებელმა რეგლამენტით გაწერილ პროცედურებსა და ვადებზე ისაუბრა და კოლეგებს გაერთიანებული სხდომის ჩატარების წინადადებით მიმართა.

საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის წინადადებას რაციონალური შემოთავაზება უწოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და მისი ეს მოსაზრება ბიუროს სხვა წევრებმაც გაიზიარეს. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში იმსჯელებენ. ბიურომ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

დღის წესრიგის მეორე და მესამე საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და ავტონომიური რესპუბლიკის 2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნებით (60-მდე შენიშვნა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაუბრუნდება. ბიურომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

ბიუროს წევრებმა ასევე ერთხმად მიიღეს ცნობად გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილი ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების სამი კვარტლის ანგარიში.

ბიურომ სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილა.