28 სექტემბერი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები და კომიტეტების აპარატების წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის შენიშვნებსა და მოსაზრებებს გაეცნენ.

      უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გამართულ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე, ამავე ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილი, საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ანა მდინარაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი ესწრებოდნენ.

       დავით გაბაიძემ მესამე სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტი საკანონმდებლო ორგანომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მის ინიცირებამდე გადაუგზავნა. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი 20 შენიშვნიდან ინიციატორებმა 12 გაითვალისწინეს, რაც შეეხება დარჩენილ შენიშვნებს, მათზე მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება.

   თავის მხრივ, უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს საია-ს წარმომადგენლებმა. ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, სამუშაო საკმაოდ ბევრია და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახვეწას ისახავს მიზნად.

       საია-ს  შენიშვნები  შეხვედრის მონაწილეებს ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა  ნიკა სიმონიშვილმა წარმოუდგინა. მთავრობის წევრების ანგარიშების წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში, ვადების ათვლა, უმაღლესი საბჭო წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თანამდებობები უმაღლეს საბჭოში, ინტერესთა შეუთავსებლობა, უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი, გენდერული თანასწორობის საბჭო - იმ საკითხთა ნაწილია, რომლებზეც საია-მ თავისი შენიშვნები წარმოადგინა. მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს  შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ კოლეგებს უმაღლეს საბჭოში (პარლამენტის მსგავსად) საია-ს საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტის შემოღების წინადადებით მიმართა.

     წარმოდგენილ შენიშვნებზე გაიმართა დისკუსია.