20 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე,  რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დეპუტატების განცხადებების შემდეგ, პირველ საკითხად დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ (თანამომხსენებელი) და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს. მათი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული და მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

მომხსენებელთა განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის პროექტზე მუშაობისას, ინიციატორები თანამშრომლობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და მათი შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია. რაც შეეხება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და წინადადებებს, როგორც ნინო ჩხეტიამ აღნიშნა, მათ მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

კითხვა-პასუხისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, წევრების, ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლების შემდეგ, კანონმდებლებმა პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და მიიღეს საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი რეგლამენტისა და კანონების პროექტები.  ინიციატივას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შესვენების შემდეგ, სხდომაზე  2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშით  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ლადო მგალობლიშვილი, გიორგი რომანაძე და ნუგზარ სურმანიძე წარსდგნენ.

კანონმდებლებმა სამივე ანგარიში ცნობად მიიღეს.