18 სექტემბერი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, კომიტეტების აპარატების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, სასტუმრო „ჰილტონში“, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს გაეცნენ.

     არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელის მალხაზ ჭკადუას განცხადებით, რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავების წინადადებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  თავად  საკანონმდებლო ორგანომ მიმართა, რაც თანამშრომლობის ძალზე კარგი პრეცედენტია. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით, აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

     რაც შეეხება რეკომენდაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, დოკუმენტი სტრუქტურულად გაცილებით დახვეწილია, მასში გაჩნდა საზედამხედველო-მაკონტროლებელი ფუნქციის მარეგულირებელი ნორმები და ის სრულ შესაბამისობაშია აჭარის ახალ კონსტიტუციასთან.

    რეკომენდაციების ნაწილი ძირითადად ოპოზიციის როლის უკეთ წარმოჩენას, ღია მმართველობითი პრინციპების დამკვიდრებას და თანამდებობის პირთა არჩევის პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებას ითვალისწინებს.

    შეხვედრაზე თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მმართველი პარტიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

     „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლის ბოლოსათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს 2-წლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებას გეგმავს.