18 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლადო მგალობლიშვილი, გიორგი რომანაძე,  საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე,  სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, სასტუმრო „რედისონში“, აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიებაზე, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესსექტორის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლად  ეკონომიკის მაგისტრი ტარიელ გიორგაძე წარადგინეს. იგი  ფლობს  ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს, აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. 2014-2018 წწ მუშაობდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის  დეპარტამენტის უფროსად.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონსა და ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესის ხელშემწყობი ინსტიტუციების შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესომბუდსმენის წარომადგენელი აჭარაში იქნება უშუალო შუამავალი ბიზნესსექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.