30 ნოემბერი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანას სკოლა საუკუნეს ითვლის. ის სხალთა-ხიხანის ხეობის პირველი საგანმანათლებლო კერა გახლდათ, რომელიც თურქთა ბატონობის შემდეგ აღდგა და ხეობაში მცხოვრებთა იმედად იქცა. 30 ნოემბერს უდიდესი ტრადიციების მქონე სკოლას საიუბლეო თარიღი მიულოცეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თავამაიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა. ადგილობრივთა განცხადებით, 1996 წელს სკოლა თავისი 80 წლის იუბილეს შეუფერებელ, ავარიულ შენობაში შეხვდა. თხილვანელთა სანუკვარი სურვილი, რომ წმინდანად შერაცხული უდიდესი მეცნიერის, აბუსერისძე ტბელის სოფელს თანამედროვე სასწავლებელი ჰქონოდა, წლების შემდეგ რეალობად იქცა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან სკოლის სრული რეაბილიტაციისათვის ნახევარი მილიონი ლარი გაიხარჯა და 100 წლის იუბილე აქაურმა აღსაზრდელებმა, პედაგოგებმა, სოფლის მოსახლეობამ და მოწვეულმა სტუმრებმა უკვე განახლებულ შენობაში საზეიმოდ აღნიშნეს. -ეს საკმაოდ დიდი ტრადიციების სკოლაა და მის მესვეურებს, აღსაზრდელებს სწორემ ამ ტრადიციების გაგრძელება-განვითარება-განვრცობას ვუსურვებ, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.