17 სექტემბერი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა,  დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

       ნინო ჩხეტიას განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებითაა განპირობებული და მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონებში, ასევე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

         კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

     სხდომაზე  ასევე იმსჯელეს და განსაზღვრეს ავტონომიური რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსად კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემისათვის ფარული კენჭისყრის ადგილი და ბიულეტენის ფორმა.