პროექტი და შენიშვნები წამყვან კომიტეტს წარედგინება

14 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში, ასევე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

გიორგი რომანაძემ მომხსენებელს კომიტეტის შენიშვნები გააცნო. მათი ძირითადი ნაწილი საბიუჯეტო პროცესს უკავშირდება. შენიშვნები ჰქონდა ოპოზიციონერ დეპუტატს - გია აბულაძესაც, რის გამოც კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტის წამყვანი კომიტეტისთვის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.