14 სექტემბერი

                                                 

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

          დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებითაა განპირობებული და მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში, ასევე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

         კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

        „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა და ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.

      განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი -„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტთან დაკავშირებით, ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის დაწყებას.