14 სექტემბერი

                                                  

       ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან - ილია ნაკაშიძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან - ლაშა კომახიძესთან და  შპს „ბათუმის წყლის“ გენერალურ დირექტორთან მარინე გვიანიძესთან ერთად, ქალაქ ბათუმისათვის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობისათვის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას დაესწრო.

     მასშტაბური, 14 მილიონიანი პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 85 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის შექმნა, 355 მმ-იანი და 315 მმ-იანი მაგისტრალური, ასევე 160მმ-იანი გამანაწილებელი წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, რაც 8000-მდე აბონენტს  უწყვეტი წყალმომარაგებით, 24 საათის განმავლობაში თვითდენით, საწნევო ტუმბოების გარეშე უზრუნველყოფს.

    პირველ ეტაპზე, წყალმომარაგების ქსელი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში შეიქმნება. ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა. დღემდე მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით, მიწისქვეშა წყლებს იყენებს, რაც არასტაბილურია და დამატებით ელექტროენერგიის წყაროს გამოყენებას საჭიროებს. პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება1 მილიონ 700 ათას ლარია.

    მეორე ეტაპზე, პროექტს განახორციელებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ლარია. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტი ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

       წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე, მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით, 85 კილომეტრია.