28 ნოემბერი

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა. ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უფლებამოსილება 28 ნოემბრის პირველ პლენარულ სხდომაზე ერთხმად ცნეს. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარიდან, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავტონომიური რესპუბლიკის 2012-2016 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, სასულიერო პირები, ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

პირველი პლენარული სხდომა, კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ გახსნა და სიტყვა გადასცა უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს დავით თედორაძეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა სხდომას. იგი მიესალმა სხდომის მონაწილეებს და ახალარჩეულ საკანონმდებლო ორგანოს წარმატებები უსურვა. დავით თედორაძემ აქვე წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგიც, რომელიც ერთხმად დამტკიცდა.

2016-2020 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად და უსკო-ს წარდგინებით, სხდომის მონაწილეებმა ერთხმად აირჩიეს უმაღლესი საბჭოს 3-წევრიანი დროებითი ხმის დამთვლელი კომისია (ვლადიმერ მგალობლიშვილი - თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე - მდივანი, გიორგი დიასამიძე). კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს 19-მა წევრმა, ვინაიდან სხდომას არ ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომრები - ლევან ვარშალომიძე და დავით თარხან-მოურავი.

კანონმდებლებმა ასევე ერთხმად აირჩიეს 5-წევრიანი დროებითი სამანდატო კომისია (ნინო ჩხეტია - თავმჯდომარე , ილია ვერძაძე - მდივანი, დავით ბაციკაძე, პეტრე ზამბახიძე, ელგუჯა ბაგრატიონი ), რომელსაც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნისთანავე შეუწყდა უფლებამოსილება. უფლებამოსილების ცნობამდე უმაღლესი საბჭოს მომავალმა წევრებმა უსკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატებით მიიღეს კენჭისყრებში მონაწილეობა.

უსკო-ს თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარმოუდგინა, რომლის თანახმად, ხმების 45,13 % მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ (14 მანდატი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 29, 62% (5 მანდატი), „ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 5,99 % (ერთი მანდატი), „პატრიოტთა ალიანსმა“ – 5,7 % (ერთი მანდატი).

პარმენ ჯალაღონიამ ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს წარმატებული საკანონმდებლო საქმიანობა უსურვა და დროებით სამანდატო კომისიას გადასცა უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია (საარჩევნო ოქმები, არჩევნების შედეგების მასალები მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, ასევე განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვ.)

უსკო-ს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, რომლის დროსაც უმაღლესი საბჭოს დროებითმა სამანდატო და ხმის დამთვლელმა კომისიებმა ჩაატარეს სხდომები, აირჩიეს კომისიების თავმჯდომარეები, მდივნები და შეისწავლეს წარმოდგენილი მასალები.

შედეგები და შესაბამისი დასკვნა სხდომის მონაწილეებს დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ გააცნო, რის შემდეგაც კენჭი ეყარა დადგენილების პროექტს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 19-მა წევრმა. კენჭისყრა ერთიანი სიით გაიმართა და შესაბამისი დადგენილების პროექტს კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დარბაზში აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

მომდევნო შესვენების შემდეგ დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა მოხსენება ფრაქციებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, კომისიას შესაბამისი განცხადებით მიმართა ოთხი ფრაქციის თავმჯდომარემ. ესენია: ფრაქცია „ქართული ოცნება „ (თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, მდივანი გიორგი მანველიძე), ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარები“ (თავმჯდომარე ილია ვერძაძე, მდივანი ხვიჩა შარაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარა“ (თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, მდივანი ცოტნე ანანიძე და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, მდივანი პეტრე ზამბახიძე).

ფრაქციების დასახელების შემდგომ სხდომის თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა წარუდგინა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“. ამ პოსტზე დავით გაბაიძე დასახელდა. მან თავის გამოსვლაში უდიდესი ნდობისათვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდსა და ამომრჩეველს, რომელმაც ქვეყნისა და რეგიონის მართვა კვლავ „ქართული ოცნებას“ მიანდო. უმაღლესი საბჭოს მომავალმა თავმჯდომარემ კოლეგებს ხალხის ნდობის მოპოვება მიულოცა და თითოეულ მათგანს ამ ნდობის გამართლება უსურვა.

-ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ამომრჩევლის წინაშე. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ეს სწორედ ის ორგანოა, სადაც ხალხის აზრი ყველაზე მეტადაა წარმოდგენილი, - განაცხადა დავით გაბაიძემ. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობაზე, რომელთა გამოც საკანონმდებლო ორგანო რამდენჯერმე აღმოჩნდა დილემის წინაშე. მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო, წარმატებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ასევე წარმატებით გააკონტროლებს რეგიონის მთავრობის საქმიანობას.

დავით გაბაიძის გამოსვლის შემდეგ სხდომაზე კვლავ გამოცხადდა შესვენება, რომლის დროსაც გაიმართა დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის სხდომა, განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ფარული კენჭისყრის ადგილი და ბიულეტენების ფორმები.

განახლებულ სხდომაზე დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა პროცედურებთან დაკავშირებით მცირე განმარტებები გააკეთა და ამის შემდეგ დაიწყო ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დარბაზში მყოფი 19 დეპუტატიდან დავით გაბაიძის კანდიდატურას 14-მა დაუჭირა მხარი. მის ასარჩევად შესაბამისი კანონმდებლობით 11 ხმაც საკმარისი იყო. კანდიდატს კოლეგებმა აპლოდისმენტებით მიულოცეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. კენჭისყრაში ასევე არ მონაწილეობდა „ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ცინცქილაძე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კუთვნილი ადგილი დაიკავა, მან კოლეგებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და შემდეგ სხდომის მონაწილეებს ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ მიერ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მერაბ კარანაძის წარდგენასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

სხდომაზე კვლავ გამოცხადდა 10-წუთიანი შესვენება, რომელიც დროებითმა ხმის დამთვლელმა კომისიამ ფარული კენჭისყრის ადგილისა და ბიულეტენების ფორმის განსაზღვრისათვის გამოიყენა.

შესვენების შემდეგ გაიმართა ფარული კენჭისყრა და მერაბ კარანაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 14 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში კვლავ არ მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ცინცქილაძე.

მომდევნო შესვენების დასრულების შემდეგ კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობა განსაზღვრეს და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები წარმოადგინეს. შესაბამისი მოხსენება დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, 8-წევრიან კომისიებში 2-2 წევრი ეყოლებათ ფრაქციებს - “ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება -მაჟორიტარებს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. კომისიებში თითო წევრით იქნებიან წარმოდეგნილი ფრაქცია „ქართული ოცნება -აჭარა“ და ფრაქციებს გარეთ დარჩენილი დეპუტატები.

კენჭისყრამდე დეტალების დაზუსტების მიზნით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ შესვენება გამოაცხადა. განახლებულ სხდომაზე კი კანონმდებლებმა დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დადგენილების პროექტი 15 ხმით მიიღეს.

დღის წესრიგის თანახმად, კომისიების თავმჯდომარეები სამკაციანმა ჯგუფებმა წარმოადგინეს და ისინი ფარული კენჭისყრით, ცალ-ცალკე აირჩიეს. ამდენად, აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიას ვახტანგ წულაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას ცოტნე ანანიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიას ვლადიმერ მგალობლიშვილი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ნინო ჩხეტია, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას გიორგი რომანაძე, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ნუგზარ სურმანიძე უხელმძღვანელებს. თითოეულმა კანდიდატმა კენჭისყრისას 14 ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და„ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

კანონმდებლებმა პირველ პლენარულ სხდომაზე სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.