06 სექტემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს შეხვდნენ.

  ქალბატონი მაქბულე ქოჩაკი თითქმის ერთი წელია დიპლომატიური მისიით აჭარაში იმყოფება. მხარეებმა ერთგვარად შეაჯამეს საკონსულოსა და უმაღლეს საბჭოს შორის ერთწლიანი ურთიერთობის შედეგები და იმსჯელეს სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

  უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეებმა კონსულს  მადლობა გადაუხადეს ორ მეზობელ, პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის და კონკრეტული წინადადებებით მიმართეს.

   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ  სამედიცინო კუთხით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მაქბულე ქოჩაკს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მეორე ბლოკის რეაბილიტაციასა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების გადამზადებაში თურქეთის შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის წინადადებით მიმართა.

   გარემოს დაცვის, მავნებლებთან ბრძოლის ერთობლივი ღონისძიებების გატარების, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთან უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების ხელმძღვანელებმა.

   მაქბულე ქოჩაკმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მჭიდრო თანამშრომლობა და თანადგომა აღუთქვა.