04 სექტემბერი

                            

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს  21-ე სხდომით გაიხსნა და მას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

      დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს.

      მომხსენებელთა განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებითაა განპირობებული და მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში, ასევე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

      დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის პროექტზე მუშაობისას, ინიციატორები თანამშრომლობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და მათი შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია.

     ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

     ავტონომიური რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსად კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემაზე საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა და ბიუროს გადაწყვეტილებით, ის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილების წინააღმდეგი მხოლოდ დავით ბაციკაძე აღმოჩნდა.

      გიორგი რომანაძემ წარმოადგინა დღის წესრიგის მესამე საკითხიც - 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ბიურომ ცნობად მიიღო.

     სხდომის დასასრულს დავით გაბაიძემ უმაღლესი საბჭოს მიერ უახლოეს მომავალში მისაღებ კანონებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება.