29 აგვისტო

                   

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და პეტრე ზამბახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, რეგიონის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოს, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის მერიის, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისა“ და „ჩერკასი ბას-ის“ მიერ ორგანიზებულ ახალი ავტობუსების პრეზენტაციას დაესწრნენ.

        ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ქალაქის  მუნიციპალურ ავტოპარკს ამ ეტაპზე 15 ახალი, „ევრო-5“ დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატა. ევროპის ბანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო,წლის ბოლომდე „ბათუმისავტოტრანსპორტს“ კიდევ 25 ახალი ავტობუსი შეემატება. პროექტის ფარგლებში ევროპის ბანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს დაფინანსებას, რაც ტექნიკურ საკითხებში მუნიციპალური ავტოპარკის მხარდაჭერას ითვალისწინებს.       

     პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა. ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული უკრაინულ-იაპონური კომპანია – „ჩერკასკი ავტობუსი” ბათუმის მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსებს მიაწოდებს. ახალი ავტობუსები 60 ადამიანზეა (ჯდომით და დგომით) გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.   ახალი სატრანსპორტო საშუალება გაცილებით ეკონომიური და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. რაც შეეხება მგზავრობის საფასურის გადახდის წესებს, როგორც ცნობილია, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ უკვე დანერგა, თანამედროვე, უკონტაქტო გადახდის გაუმჯობესებული სისტემა.

      სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი კომპანიისა და EBRD-ის წარმომადგენლებმა ახალი ავტობუსების სიმბოლური გასაღები ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს გადასცეს, რომელმაც გასაღები შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორს ბადრი ფარტენაძეს ჩააბარა.