20 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 აპრილის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე უმაღლესი საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გაყოფის შემდეგ, არა ემოციურად, არამედ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებითა და საკუთარი მოსაზრებების შედეგად მიიღო. დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ რიგებს შეურთდა და აჭარის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.

დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, სხდომაზე პირველი მოსმენით საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა და ის 13 ხმით დამტკიცდა. საკანონმდებლო პაკეტს „ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ცინცქილაძემ არ დაუჭირა მხარი.

აზრთა სხვადასხვაობისა და არაერთგვაროვანი შეფასებების ფონზე წარიმართა დღის წესრიგის მეორე საკითხის განხილვა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ, რომელიც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს, არ დამტკიცდა. დადგენილების პროექტის მიღების წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო.

კანონმდებლებმა 15 ხმით მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრებმა - დავით გაბაიძემ და ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს.

მესამე საკითხზე მსჯელობისას, პლენარულ სხდომას, რეგლამენტის შესაბამისად და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.