08 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე,ცოტნე ანანიძე, ილია ვერძაძე,დავით ბაციკაძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლები, ომში დაღუპულთა ახლობლები, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში, მემორიალთან შეიკრიბნენ.

აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაგებად მემორიალთან მოვიდა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით  მყოფი პოლონეთის ქვემო სილეზიის სეიმიკის დელეგაცია სეიმიკის თავმჯდომარის - პაველ ვრობლევსკის მეთაურობით.

შეკრებილებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმესი დღეები გაიხსენა და პოლონელ სტუმრებს საქართველოს მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა პაველ ვრობლევსკიმ და ქვემო სილეზიის სეიმიკის მიერ, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ოფიციალურად გადასცა დავით გაბაიძეს.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ბათუმში შარშან აღიმართა და მისი ავტორები ბათუმელი ხელოვანები - ჯიმსონ გურგენიძე და თემურ მახარაძე არიან.

ცნობისათვის:  აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.