დავით გაბაიძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმასპინძლა

02 აგვისტო

                 

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მე-6 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა.

        დავით გაბაიძემ შეხვედრის მონაწილეებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობით ფორმაზე, ახლად მიღებულ კონსტიტუციასა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და მსგავსი პროექტების ჩვენს რეგიონში ჩატარების მნიშვნელობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პროექტის ორგანიზატორებს მომავალი საზაფხულო სკოლის მაღალმთიან აჭარაში ჩატარება შესთავაზა  და უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.

     ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ადამ მახარაძემ, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორმა იური ბოშინსკიმ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს გულითადი მიღებისთვის. იური ბოშინსკიმ დავით გაბაიძე ნოემბერში, კიევში, სამართლის უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე მიიწვია და მასტერკლასების ჩატარება შესთავაზა.

    საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - „ ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევროკავშირის ჟან მონეს გრანტის დაფინანსებითა და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით ჩატარდა და მასში 6 ქვეყნის 25 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სკოლის მსმენელებს ლექციებს ქართველი, ავსტრიელი, ლიეტუველი, სომეხი და უკრაინელი პროფესორ-მასწავლებლები უკითხავდნენ.

    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.