დავით გაბაიძე „სპორტის შესახებ კანონის პროექტის“ საჯარო განხილვას დაესწრო

30 ივლისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ  ბათუმში, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს.

„დავით გაბაიძე შეკრებილებს მიესალმა და სპორტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. სპორტი არის ის სფერო, სადაც განსხვავებული მიდგომები არ შეიძლება გვქონდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის საჯარო განხილვა ხდება აჭარაში, იმიტომ, რომ აქ არის ხელისუფლების სამივე დონე. ახალი კონსტიტუციით სპორტი არ არის ცენტრალური ხელისუფლების  განსაკუთრბულ ჩამონათვალთა სიაში, არც მუნიციპალიტეტების განსაკუთრებული კომპეტენციაა და არც ავტონომიური რესპუბლიკის. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციამ  თავისუფალ სივრცედ დატოვა სპორტის საკითხების მოწესრიგება. აქედან გამომდინარე  ამ კანონმა უნდა დატოვოს ჩარჩო, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ისე ავტონომიური რესპუბლიკისთვის. კარგია ჩვენი ჩართულობა, რადგან წინა კანონში გვქონდა მოუწესრიგებელი საკითხები, თუნდაც ფედერაციის საკითხებში, რაც სახალხო განხილვების დროს უნდა იყოს მონიშნული და გათვალისწინებული“.

„თხოვნა მექნება, რომ გაიაროთ ეს კანონპროეექტი და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, რათა დროულად მივაწოდოთ საქართველოს პარლამენტს,   კანონში შესატანი ცვილებები“.

ბათუმში გამართულ საჯარო განხილვების ფარგლებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო მოქმედებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.

რეგიონებში პროექტის საჯარო განხილვები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ეწყობა.

ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული-ინსტიტუტი (NDI), ხოლო ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი