27 ივლისი

  ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბა ოჩხამურში სტიქიით დაზარალებულთათვის ახლად აშენებული სოციალურ სახლს ეწვივნენ და დაზარალებულებს ახალმოსახლეობა მიულოცეს.

  სოციალურ სახლში, რომელიც ქობულეთის მერიის მხარდაჭერით აშენდა, საცხოვრებელი ფართი 8 ოჯახს გადაეცა. პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 265 ათასი ლარი დაიხარჯა.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს ქობულეთში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები.  სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში გასულ წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, დაიწყეს პლაჟწარმომქმნელი ხელოვნური მასალის შეტანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გიორგი რომანაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შენდება ნაპირდამცავი კედელი. პროექტის ფარგლებში 2 კილომეტრამდე სიგრძის ახალი ჯებირი აშენდება, კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოებზე 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერისაგან, მირიან ქათამაძისაგან მოისმინეს, გაესაუბრნენ დამსვენებლებს.