27 ივლისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-6 საერთაშორისო საზაფხული სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

  როგორც დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ევროპული სამართლისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე საზაფხული სკოლის პროექტის ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, აჭარაში განხორციელებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქართველო, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდანვე მიისწრაფოდა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

  საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - „ ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“ ევროპეიზაციის სხვადასხვა ჭრილში წარმოჩენას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, უსაფრთხოების სტრატეგიაზე, კანონმდებლობასა და სოციალურ-კულტურულ საკითხებზე მოსალოდნელი გავლენებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარებაზე ამ პროცესის გაანალიზებას ისახავს მიზნად.

  საზაფხულო სკოლაში, რომელიც ბსუ-ს ორგანიზებით, ევროკავშირის ჟან მონეს გრანტის დაფინანსებითა და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით ტარდება, 6 ქვეყნის 25 წარმომადგენელი მონაწილეობს. სკოლის მსმენელებს ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, ავსტრიელი, ლიეტუველი, სომეხი და უკრაინელი მეცნიერები წაუკითხავენ.