27 ივლისი

                      

           აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სოფელ გორგაძეების სხვადასხვა უბნის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ, დაათვალიერეს შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები.

         საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სოფლის გაზიფიცირების, წყალმომარაგების გაუმჯობესების, გარე განათების სისტემის მოწყობისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის თხოვნით მიმართა. კანონდებლები და მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივებს, თითოეული საკითხის შესწავლასა და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდნენ.

               ვახტანგ წულაძის განცხადებით, სოფელ გორგაძეებში მალე დაიწყება ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დევაძეების მიმართულებით დაგეგმილია ხიდის, ხოლო გორგაძეებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სტიქიით დაზიანებულ სახლებთან შენდება დამცავი ჯებირები და ფერდსამაგრი კედელი. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, უმაღლესი საბჭოს წევრის განმარტებით, მისი მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება.