26 ივლისი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი, აპარატის წარმომადგენლები ისრაელის ქნესეთის გენერალურ მდივანს - მელერ ჰოროვიტსა და შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლეა კრიხელს შეხვდნენ.

        შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პროტოკოლის განყოფილების უფროსი მაია იაკობაძე.

       გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ისრაელის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

      აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო, ისაუბრა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის ახლახანს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ისრაელის ქნესეთის წარმომადგენელთა ვიზიტი ჩვენს რეგიონში.

      საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ხაზგსმით აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

    სტუმრებმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს გულითადი მიღებისთვის და  თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპასუხო ვიზიტით ისრაელის ქნესეთში მიიწვიეს.

  შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

    ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშნაობებსა და საკულტო ნაგებობებს დაათვალიერებენ.