21 ივლისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე რეგიონის ახალი მთავრობა ფარული კენჭისყრით 14 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". სხდომას არ ესწრებოდნენ: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ზაზა ოქუაშვილი და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე.

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ოთხი მინისტრიდან ორი ახალი სახეა - ჯაბა ფუტკარაძე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტიტე აროშიძე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უხელმძღვანელებს. მთავრობის ძველი შემადგენლობიდან თორნიკე რიჟვაძემ ორი მინისტრი შეარჩია: ინგა შამილიშვილი - განათლების, კულტურისა და სპორტის მინი სტრი, ზაალ მიქელაძე კი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია.

კენჭისყრის პროცედურების დაწყებამდე კანდიდატები რამდენიმე. საათის განმავლობაში პასუხობდნენ კანონმდებლების შეკითხვებს. ყველაზე მეტი შეკითხვა კანდიდატებისადმი ამჯერადაც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა დასვა. მისი შეფასებით, კანდიდატებმა სრულყოფილად ვერ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თავიანთი უნდობლობა რამდენიმე მიზეზით ახსნეს და აღნიშნეს, რომ ახალი მთავრობა სახელმწიფოსათვის, რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებს.

ოპოზიციის კრიტიკისა და უნდობლობის მიუხედავად, მთავრობის ახალი შემადგენლობისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა მოწოდებულია მაქსიმალურად დაიცვას ქვეყნის, ჩვენი რეგიონისა და მოსახლეობის ინტერესები, მაქსიმალურად დაიხარჯოს რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის. მათ წარმატებები უსურვეს ახლად დამტკიცებულ მთავრობას და იმედი გამოთქვეს, რომ გუნდური პრინციპით ყველა ერთად შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისათვის სასიკეთო საქმის კეთებას.