18 აპრილი

18 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ ჰესენის ფედერალური მხარის გარემოს, კლიმატის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს კასელის მთავარი უწყების დირექტორს როლფ შულცკეს, ამავე სამინისტროს ტყისა და მდგარდი სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს კარსტენ ვილკეს, კავკასიაში “WWF GERMANY-ის“ პროექტების ხელმძღვანელს აურელ ჰეიდელბერგს და “WWF GEORGIA-ს“ დირექტორს გიორგი სანადირაძეს უმასპინძლეს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ეკონომიკურად საკმაოდ კარგად განვითარებული ჰესენის მხარე ცნობილია სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში არსებული უდიდესი გამოცდილებით. ჰესენის ტყეების მართვის ინსიტიტუციური მოწყობა, ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო, მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მათი გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისათვის, კერძოდ, აჭარის რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის 65 % ტყის მასივებს უკავია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის როლი განსაკუთრებით დიდია მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური, ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ბალანსის უზრუნველყოფაში. ამდენად, ქართულ-გერმანული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის მასშტაბით განხორციელდება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და მათ რეალიზებაზე ქართველი და გერმანელი სპეციალისტები იზრუნებენ.

სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადეს გულითადი მასპინძლობისათვის, სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს და მისგან საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობის პირობა მიიღეს.