20 ივლისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, რომელსაც ამავე ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი უძღვებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

   თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ავტონომიური რესპუბლიკის მართვის საკუთარი ხედვები, ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო, ისაუბრა რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა შეხვედრაზე იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელსაც, დამტკიცების შემთხვევაში, ტურიზმის განვითარების მიზნით, ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას შესთავაზებს.

  -რეგიონში MICE ტურიზმის მიმართულებით პროგრესი გვაქვს, თუმცა პოტენციალი გაცილებით მეტია. სწორედ ამიტომ გვინდა პროგრესული საგადასახადო შეღავათები შევთავაზოთ იმ კონკრეტულ სააგენტოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს რეგიონში კორპორატიული და წარმომადგენლობითი ოფისების გადმოტანას,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

  მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატები რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ ფრაქციის წევრების შეკითხვებს მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების შერჩევის, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, ბათუმის განაშენიანების, საბიუჯეტო პარამეტრების, ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტების და რიგი სხვა საკითხების შესახებ.