ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

07 ივლისი

 

    ბათუმის ახალაშენებულ ესტაკადაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა.

    ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელში ახლად აშენებული გადასასვლელი ხიდი ტურისტულ სეზონზე სატრანსპორტო მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს. პროექტის ფარგლებში უკვე მოასფალტდა ესტაკადის 915 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოეწყო და გამწვანდა გამყოფი ზოლი, დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების (32 ბოძი) და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ტროტუარებისა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება.

    კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებლის პაატა ტრაპაიძის განმარტებით, პროექტი  ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც ტვირთბრუნვის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ ეტაპზე მშენებლობაზე 90 ადამიანია დასაქმებული. გადასასვლელი ხიდის მშენებლობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 15 297 410 ლარი გამოიყო.

    ბათუმის ესტაკადა, რომლის სიგრძე 800 მეტრია, ექსპლუატაციაში სრული დატვირთვით სექტემბერში შევა.