06 ივლისი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში წარმოდგენილი უმრავლესობა, საქართველოს პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძეს შესთავაზებს.

     -მოგეხსენებათ, რომ თანამდებობიდან გადადგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რის გამოც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, უმაღლეს საბჭოში უნდა წარმოადგინოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები. უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებს შორის ყველაზე დიდ სუბიექტს წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას აჭარის  უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, დიდია საზოგადოების ინტერესი თუ ვინ დასახელდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამდენად, გაცნობებთ, რომ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი სუბიექტის -  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საქართველოს პრეზიდენტს კონსულტაციისათვის წარედგინება ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

    მისი განმარტებით, თორნიკე რიჟვაძე უმრავლესობამ პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების გამო შეარჩია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მხარს დაუჭერს შერჩეულ კანდიდატს.

   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში,  ის მზადაა განახლებული მთავრობის გუნდითა და ახალი სამოქმედო პროგრამით შეუდგეს საქმიანობას.