30 ივნისი

   

   აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ, ამავე კომიტეტის აპარატის უფროსმა ირაკლი ცეცხლაძემ ირანელ სტუმრებს უმასპინძლეს.

   დელგაციას, რომლის შემადგენლობაში  არიან ირანის  პარლამენტის კეთილმოწყობის კომიტეტის წევრები - ჰოსეინ ჰაშემი თახთი ნეჯადი, მოჰამად რეზა მალექჰაშირადი და ირანის მსხვილი პორტების სამმართველოს წარმომადგენელი აბდულა ჯაფარი , საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას თან ახლდათ ქალაქ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნული  გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი  აჰმად ბადფა.

   გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგი რომანაძემ სტუმრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, მისი მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ახლად მიღებულ კონსტიტუციურ კანონზე მიაწოდა ინფორმაცია.

   მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში განვითარებულ ურთიერთობებსა და ჩვენი რეგიონის ტურისტულ, საინვესტიციო პოტენციალზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ირანს შორის გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა საგრძნობლად გაზარდა ტურისტული ნაკადი ორივე მიმართულებით.

   ირანელმა პარლამენტარებმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადეს გულითადი მასპინძლობისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები საკანონმდებლო კუთხითაც განვითარდება.

   შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მასპინძლებთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.