14 ივნისი

 

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე  ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ საერთაშორისო კონფერენციას „ საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო.

  საერთაშორისო ფორუმს, რომელიც წელს პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება, ბათუმი მეთხუთმეტედ მასპინძლობს.

  კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სხვებმა. გამომსვლელებმა საქართველოსა და ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

  „საქართველოს ევროპული გზა“ ორ დღეს გაგრძელდება და სხვადასხვა თემატური სესიის მონაწილეები ევროპული დღის წესრიგის, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე იმსჯელებენ.

  კონფერენციას  საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

   ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევოპული გზა“ 2007 წლიდან ტარდება და იგი მუშაობას 15 ივნისს დაასრულებს.