12 ივნისი

   

   12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა უკანონო შრომა  გლობარული პრობლემაა დღეს. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის წინაშეც დგას გამოწვევები ამ თვალსაზრისით, თუმცა ყურადღებას გავამახვილებ აჭარაში არსებულ მდგომარეობაზე.

    ტურისტული სეზონი გახსნილია და ჩვენი ქალაქის ქუჩებში  შეინიშნება მიუსაფარ ბავშვთა მატება, რომლებიც უკანონო „შრომას“ ეწევიან. ადგილზე პრობლემის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ეს საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისშია, ბათუმშიც მუშაობდეს სოციალური სააგენტოს შესაბამისი მობილური ჯგუფები, ადგილზე ბავშვების იდენტიფიცირებისთვისა და შესაბამისი დახმარებისთვის. მათთან ერთად, პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ოფიცრების ჩართვა, რომლებიც რეალურად გამოავლენენ და აწარმოებენ გამოძიებას კონკრეტული ფაქტებზე.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში მოქმედებს ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა და მახინჯაურის დედათა და ბავშვთა თავშესაფრები, ამ დაწესებულებებში, სტატუსის მინიჭების გარეშე, დაზარალებული ვერ ხვდება, ამავდროულად, გასათვალისწინებელია მათი კონტინგენტიც. შესაბაბამისად, ბავშვთა  ინტერესების  მაქსიმალურად გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ახალი კრიზისული ცენტრი, რომელშიც აღნიშნული პრობლემის მქონე ბავშვები განთავსდებიან და  ინდივიდუალურად თითოეული ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს, მათ შორის განათლებას, შესთავაზებენ.

    აჭარისთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა არასრულწლოვან ბავშვთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკანონო შრომით მიგრაციაში ჩართულობა.

    აუცილებელია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გააძლიეროს  შრომის გამო  ბავშვების მიერ განათლების მიტოვების პრევენციის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან  არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლოატაციის შემთხვევებზე რეაგირება.

   მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა ერთობლივად შევიმუშავოთ ეფექტური რეგულაციები, ასევე შევისწავლოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები ბავშვთა შრომის წინააღმდეგ პრევენციისა და მონიტორინგისათვის.