01 ივნისი

     

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, კომიტეტის წევრები - ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ქალაქ ბათუმის პირველი, მე-2, მე-18 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

    უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა სკოლებში გამოვლენილ ბულინგის ფორმებზე, მოსწავლეების თვალით დანახულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს.

    საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ამავე თემაზე გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეებმაც ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მისგან გამომდინარე საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის ღონისძიებებზე იმსჯელეს. მოსწავლეებმა მოისმინეს კანონმდებელთა მოსაზრებები და დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა.

   მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტისაგან საჩუქრად  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (წელს დეკლარაციის მიღებიდან 70 წელი სრულდება), ბავშვის უფლებათა კონვენცია და აჭარის უმაღლესი საბჭოს სასაჩუქრე ჩანთები გადაეცათ.

   ცოტნე ანანიძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეხვედრები გაგრძელდება როგორც სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სხვადასხვა უწყების  წარმომადგენლებთან.