01 ივნისი

    ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ  დავით მჭედლიშვილმა და საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა  კობა ნაკაიძემ, ფიჭვნარში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნეს.

    სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც მოსახლეობის თხოვნით აშენდა, 175 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 26 ადამიანია დასაქმებული. ორსართულიანი შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

    მშენებლობისთვის 936 377 ლარი დაიხარჯა. პატარების სამსახურშია კეთილმოწყობილი საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი, ცენტრალური გათბობის სისტემა. საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო გასართობი კუთხე, დაიდგა ატრაქციონები. ბაღი აღიჭურვა ახალი ინვენტარით.

    გიორგი რომანაძის განცხადებით, ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა. აშენდა -16 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 საბავშვო ბაღს. დღეისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 28 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 875 აღსაზრდელია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 535 ადგილობრივია დასაქმებული.

    სამომავლოდ, საბავშვო ბაღები აჭყვისთავში, წყავროკასა და ჩაისუბანში გაიხსნება.