30 მაისი

   

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარაშე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

   დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებისა და დეპუტატების განცხადებების შემდეგ კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, პროექტის თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა 375 512, 5 ათასი ლარით განისაზღვრა. 20 521, 5 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, შემოსავლების ნაწილში  კი ზრდა 182, 6 ათასი ლარია. იზრდება სხვა შემოსავლებიც. ძირითადი პარამეტრების პარალელურად, მომხსენებელმა ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კანონის პროექტით გათვალისწინებულ სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე.

   მინისტრის მოხსენების შემდეგ სხდომაზე თანამოხსენებით წარსდგა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. მან კოლეგებს კანონის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

   საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კამათი მოჰყვა ფრაქციების წარმომადგენლებისა და ცალკეული დეპუტატების გამოსვლას. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა საბიუჯეტო პროგრამებსა და ქვეპროგრამებთან, ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებთან  დაკავშირებულ კითხვებს, განმარტა კანონპროექტით გაწერილი ცალკეული ცვლილებების მიზეზები.

   რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, კანონის პროექტი 12 ხმით  6-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

   კენჭისყრის შემდეგ, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და მისი დასრულების შემდეგ კანონმდებლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ანგარიში ამავე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის - რუსუდან (ნატა) იმედაიშვილისაგან მოისმინეს.

    მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები, მონიტორინგი მათ განხორციელებაზე, მთავარი გამოწვევები, საკანონმდებლო ხარვეზები, სარეიტინგო კვლევების შედეგები, კადრები, მათი გადამზადება-პროფესიული განვითარება, ურთიერთობა მენეჯმენტსა და მრჩეველთა საბჭოს შორის - საკითხთა მხოლოდ ნაწილია, რომელზე პასუხები კანონმდებლებმა მომხსენებლისა და სხდომის მონაწილე მრჩეველთა საბჭოს წევრებისაგან - ირაკლი დარცმელიძისა და ბეჟან გობაძისგან მოისმინეს.

     მრჩეველთა საბჭოს ანგარიშზე ისაუბრა თანამომხსენებელმა - უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა. თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა - პეტრე ზამბახიძემ და დავით ბაციკაძემ.

    საბოლოოდ, წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.