12 აპრილი

12 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, პროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა განახორციელოს, ისევე როგორც, მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის მასშტაბით ეს კომპეტენცია პრემიერ-მინიტრს გააჩნია.

ინიციატივასთან დაკავშირებით, სხდომაზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, მანამდე, სანამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია არ დაასრულებს ქვეყნის მთავარ კანონის პროექტზე მუშაობას, მსგავსი ინიციატივების განხილვა-მიღება მიზანშეუწონელია, თუნდაც იმ მიზეზითაც, რომ სახელმწიფო კომისიის შესაბამისი თემატური ჯგუფი მუშაობს მსგავსი ტიპის საკითხებზე.

ნინო ჩხეტიას ეს პოზიცია გაიზიარეს კომისიის სხვა წევრებმაც, ამიტომ მათ წარმოდგენილი საკითხის ინიცირება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

კანონმდებლებმა, პირველი მოსმენით, ერთხმად დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მოიცავს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატან ცვლილებას, ის გამარტივებული წესით განიხილება და კომისიამ პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.