25 მაისი

                         

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

   როგორც ლადო მგალობლიშვილმა დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე აღნიშნა, საქართველოს ორგანული კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ამიერიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიები კომიტეტების უფლებამოსილებას იძენენ.

    კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

     ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, კომიტეტის წევრების შეკითხვებს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მისმა მოადგილემ თეონა ბერიძემ უპასუხეს. დეპუტატების შეკითხვები სკოლების რეაბლიტაციას, სამუზეუმო გაერთიანების შექმნას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასა და რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.

    კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განხილვას.

     ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  წარმოადგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხიც - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა კომიტეტის წევრებმა  ცნობად მიიღეს.