11 აპრილი

11 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი რაიან კოენიგი ეწვია. საპატიო სტუმარს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ უმასპინძლა. მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭირისა და თანადგომისათვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს ჩვენი ქვეყნისადმი დღიდან მისი დამოუკიდებლობისა.

როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირება, სხვა მრავალმხრივი ურთიერთობები, წლებია გრძელდება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.

რაიან კოენიგის განცხადებით, ჩვენი პარტნიორობა ძლიერია, როგორც არასდროს და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ამ ურთიერთობების გაღრმავების პოლიტიკას კვლავაც აგრძელებს.

სტუმრისავე განმარტებით, უახლოეს დღეებში საზეიმოდ აღინიშნება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნის 25-ე წლისთავი. საზეიმო ღონისძიებები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმში, მოქმედ ამერიკულ კუთხეებსა და რიგ სხვა უწყებებში.

გარდა ამისა, როგორც სტუმარმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში მაისის ბოლოს გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია და ჩვენი ქვეყნისადმი ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა.

-ღრმად მწამს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ღირსეული წევრი გახდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობები ამ პროცესის რეალიზებას უდავოდ შეუწყობს ხელს, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

შეხვედრის დასასრულს დავით გაბაიძემ საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.