17 მაისი

                  

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.

         დეპუტატების განცხადებების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშით სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა. მისი განცხადებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი შემოსულობების ნაწილში - 112,7, შემოსავლების ნაწილში - 108,7, გადასახადების ნაწილში კი - 106,1 %-ით შესრულდა. რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, შემოსავლების ზრდა სწორმა საინვესტიციო პოლიტიკამ, სამუშაო ადგილების ზრდამ და შესაბამისად, გაზრდილმა საშემოსავლო გადასახადმა განაპირობა. ძირითადი საბიუჯეტო მაჩვენებლების, რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. სხდომაზე, რეგლამენტის შესაბამისად, გამოცხადდა შესვენება და ოპოზიციის კითხვებს მომხსენებელი შესვენების შემდეგაც პასუხობდა.

      გარდამავალი ნაშთი, ქონების გასხვისება, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, ა(ა)იპ „მუზეუმი“, რეგიონში მიმდინარე მშენებლობები, გზების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, - უმცირესობის მიერ დასმული კითხვების მხოლოდ ნაწილია, რომლებზეც მინისტრმა უპასუხა.

        რამაზ ბოლქვაძის შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ თანამომხსენებლები - აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძე. კამათი მოჰყვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას, რის გამოც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 5-წუთიანი, ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. განახლებულ სხდომაზე მინისტრის ანგარიში 14 ხმით 5-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. პროექტის თანახმად, ამიერიდან  საკანონმდებლო ორგანოს კომისიები კომიტეტებად, კომისიების აპარატები კი კომიტეტების აპარატებად გარდაიქმნება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებითაა განპირობებული. პროექტს 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

     ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებლის განცხადებით, ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საგაზაფხული სესიის დასრულებამდე განიხილება. დადგენილების პროექტს 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

     უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელიც ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

     პლენარულ სხდომაზე 17 ხმით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ზაზა ოქუაშვილის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიიდან გასვლამ განაპირობა. პროექტი პლენარულ სხდომაზე ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

           13 ხმით 4-ის წინააღმდეგ დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.