10 აპრილი

10 აპრილს, ქედის მუნიციპალიტეტში გამართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრები ჩანჩხალოს მოსახლეობას შეხვდნენ.

მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებმა დეპუტატებთან სოფელში ამჟამად არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და დახმარება ითხოვეს. მათი თქმით, მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჰესისთვის გვირაბის მშენებლობა დაიწყო.

გეოლოგიური კვლევებით მიღებული დასკვნების საფუძველზე სოფლიდან მოსახლეობის ერთი ნაწილი უსაფრთხო ზონაში გაიყვანეს, თუმცა მეორე ნაწილს, იგივე დასკვნის საფუძველზე, განსახლების საშუალება არ ეძლევათ.

შეკრებილებმა კანონმდებლებს საკითხის გადაჭრაში თანადგომა სთხოვეს.