10 აპრილი

10 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესრულების ანგარიში და 2017 წლის პროგრამების შესახებ ვრცელი ინფორმაცია სხდომის მონაწილეებმა უშუალოდ მინისტრისაგან - ზაალ მიქელაძისაგან მოისმინეს.

გასვლით სხდომას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე, ამავე კომისიის წევრები, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სხდომის მონაწილეებს მიესალმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მან საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებიდან გამომდინარე, გასვლითი სხდომების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ მოსახლეობის უკეთ ინფორმიების მიზნით, კანონმდებლები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა მუნიციპალიტეტში ორეტაპიან გასვლით სხდომებს გამართავენ.

სამინისტროს პროგრამების წარდგინება მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისათვის, რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის რწმუნებულებისათვის გაიმართა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარია და აქედან პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარითაა განისაზღვრული. წელს სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები 25 პროგრამას ახორციელებენ.

მინისტრმა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა უპასუხეს სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს.

-ეს ჩვენი კომისიის რიგით მესამე სხდომაა. სამინისტროს გასული წლის პროგრამების შესრულების ანგარიში და 2017 წლის პროგრამები უკვე გავაცანით ხულოსა და შუახევში. ვფიქრობთ, ეს საუკეთესო გზაა რეგიონის მცხოვრებთა ინფორმირებისთვის, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს ჯანრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ.

გასვლითი სხდომის მონაწილეებმა დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებები. ამავე დღეს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს კორპორაცია „ევექსის“ წარმომადგენლებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარეს.