აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, ირაკლი ჭეიშვილი, ხვიჩა შარაშიძე, ბათუმის სასპორტო სკოლაში, ცნობილი სპორტსმენის - მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს დაესწრნენ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
სპორტულ ასპარეზობაში, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით წელს მეშვიდედ იმართება, 12 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს და პირველობისათვის ბრძოლა 10 წონით კატეგორიაში ორი დღის განმავლობაში გრძელდება.
ტურნირს, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატი - ირანელი ემამი მოჰამად ებრაჰიმი და სამგზის მსოფლიო და ერთგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - მაიკლ ბულმანი ესწრებიან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს საფინალო ტურნირში გასვლა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
-მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩატარება, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა.
ტურნირის საპატიო სტუმრებს მუხრან ვახტანგაძემ სპეციალური დიპლომები და ლევან ჯიოშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი - „მუხრან ვახტანგაძე“ უსახსოვრა.