ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება

13 მაისი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ბათუმში დაგეგმილი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მზადებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

     ევროპის მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებებში  აჭარის ხელისუფლების, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები და  მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

    საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და „ფიდეს“ რეგიონული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრებად დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები - ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი, აგრეთვე, საჭადრაკო ოლიმპიადის მედია-ტურნირის - „ბათუმი 2018“ მონაწილეები, ტელე-რადიო კომპანიების, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები.

   საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელი ღონისძიების აღსანიშნად, პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ცნობილ მოჭადრაკესთან, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად შეასრულა. საჭადრაკო პროექტის „მილიონი სვლა“ ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თითო სვლა „მილიონი სვლისთვის“ სპეციალურად შექმნილი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გააკეთა. ერთდროული თამაშის სეანსები გაიმართა დიდოსტატებს და ადგილობრივ მოჭადრაკეებს შორის.

     43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ,,ბათუმი - 2018“ 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

განცხადებები