09 მაისი

                           

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მერაბ კარანაძემ, ხვიჩა შარაშიძემ, ლადო მგალობლიშვილმა, გიორგი მანველიძემ, ილია ვერძაძემ, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ბათუმში, გმირთა ხეივანში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

     ამჟამად ბათუმში 1941-1945 წლების ომის 24 ვეტერანი და ომში დაღუპულთა 12 ოჯახი ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანებს ქალაქის მერიამ ერთჯერადი ფულადი საჩუქრები  გადასცა.

     9 მაისის ღონისძიებების მონაწილეებმა ტრადიციულად ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, საბჭოთა კავშირის გმირის - ანატოლი კაჭარავას საფლავი. 9 მაისს ანატოლი კაჭარავას 108 წელი შეუსრულდებოდა.  შეკრებილებმა მის ხსოვნას მხედრული პატივი მიაგეს.