08 მაისი

                        

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის ახალ გენერალურ კონსულს პარვიზ ისმაილზადეს უმასპინძლა.

      გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მრავალმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

      როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

     საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონულ, კერძოდ, აჭარისა და ნახჭევანის ურთიერთობებზე, რომლებიც ბოლო წლებში უფრო გაფართოვდა. საუბარი შეეხო ტურიზმის, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკის სფეროებში რეალიზებულ ერთობლივ პროექტებს, საინვესტიციო კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და რეგიონთაშორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

      აზერბაიჯანის ახალმა გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში პარვიზ ისმაილზადემ დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისთვის.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.