ანგარიში პლენარულ სხდომაზე განიხილება

07 მაისი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

     სხდომის დასაწყისში კომისიის წევრებს წინადადებით მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა თუ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშით, საკანონმდებლო ორგანოში, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ნაცვლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარსდგებოდა.  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლმა კოლეგებს ბიუროსათვის შესაბამისი წინადადების წარდგენის მოთხოვნით მიმართა, თუმცა მისი შეთავაზება უმრავლესობის წევრებმა, გარკვეული მოსაზრებებით, არ გაიზიარეს და ამდენად, კენჭისყრაზე დაყენებული წინადადების მომხრე მხოლოდ თავად განცხადების ავტორი აღმოჩნდა.

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში  სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, რაც სწორი საინვესტიციო პოლიტიკის, ახალი სამუშაო ადგილებისა და, შესაბამისად, გაზრდილი შემოსავლების შედეგია. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ცალკეულ პროექტებზე და უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

    კომისიამ მხარი დაუჭირა მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

    მინისტრის მოხსენების პარალელურად,  „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება საფინასო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.