კომისიებმა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს

03 მაისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების  ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

  ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა.

  მინისტრის განცხადებით, რეგიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტი გადაჭარბებით შესრულდა, ამასთან, დაიწყო რიგი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი რეგიონისათვის, ისე ზოგადად ქვეყნისათვის.

  მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს სტადიონის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ესტაკადის, საცურაო აუზისა და ყინულის სასახლის მშენებლობებთან, გაზიფიცირების პროექტთან და რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

  ოპოზიციის წარმომადგენლებთან გარკვეული დებატების შემდეგ, კომისიამ მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.